ხვალ, 7 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ხარებას აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, უწმინდეს მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. საზეიმო წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება.
ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
იესო ქრისტემ შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". უფალმა მიავლინა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: "ვითარ-მე არს მოკითხვაϧ ესე?" - რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ".
მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში.
დღესასწაულის ამჟამინდელი სახელწოდება VII საუკუნიდან დამკვიდრდა. ხარება - დიდმარხვის ერთ-ერთი დღეა, როდესაც თევზეულის ჭამა შეიძლება.