"საქართველოს გზამ" 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებისთვის ჩატარებული მონიტორინგის კვლევის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგის კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "თბილისი-მარიოტში" გაიმართა. დღევანდელ პრეზენტაციას სხვადსხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"საქართველოს გზამ" 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებისთვის, 10 თებერვლიდან 30 მარტამდე აწარმოა სიების სამ ეტაპიანი მონიტორინგი: "კარდაკარის" პროგრამა, ცხელი ხაზის კამპანია და სიების კომპიუტერული პროგრამით დამუშავება. ამასთან, "საქართველოს გზის" მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემოწმდა ოთხი საარჩევნო ოლქი, სამი თბილისის - ვაკე, საბურთალო, დიდუბე და სენაკის ოლქი.
პარტია "საქართველოს გზის" ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "კარდაკარის" პრინციპით სულ გადამოწმდა 235 228 ამომრჩეველი, საიდანაც დარღვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 9545.
რაც შეეხება სიების გადამოწმების მეორე ეტაპს - ცხელი ხაზის კამპანიას, ზურაბიშვილის განცხადებით, "საქართველოს გზამ" ამ მიმართულებით 150 სახის დარღვევა აღმოაჩინა. დარღვევების სახეები ძირითადად უცხოეთში მცხოვრებლებს, მიწერილ ამომრჩევლებს, გარდაცვლილებს და სიაში გამოტოვებულ მოქალაქეებს ეხება.
ზურაბიშვილის თქმით, "კარდაკარის" პრინციპით და "ცხელი ხაზის" მეშვეობით მიღებული ინფორმაცია, მობილურმა ჯგუფმა გადაამოწმა და დააფიქსირა შემდეგი ტიპის დარღვევები: არარსებული კორპუსები, ერთ მისამართზე მიწერილი 20-ზე მეტი პიროვნება და არეული მისამართები. საქართველოს გზის ლიდერი დარღვევების კონკრეტულ მაგალითებზეც საუბრობს:
"მირზა გელოვანის #4-ში, მიწერილია 47 პიროვნება. ბუდაპეშტის #3 განთავსებულია მაღაზია და მიწერილია 46 პიროვნება. ყაზბეგის #16-ში განთავსებულია ინფექციური საავადმყოფო, "ორი ლულა", რესტორანი "თბილისი" და მიწერილია 46 პიროვნება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ბოლოსკენ ზურაბიშვილმა მონიტორინგის შედეგები შეაფასა და პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სიები გაყალბებული და გაბერილია, ოპოზიციას და დასავლეთს, მაინც შეუძლია ხელისუფლება აიძულოს და არჩევნები სამართლიანად ჩაატარებინოს.
"არსებობს გაყალბების რეზერვუარები, მაგრამ ხელისუფლების მიზანი სწორედ ისაა, რომ ოპოზიციას ათქმევინოს და აფიქრებინოს, რომ ჩვენ ამ რეზერვუარებს ვერაფერს მოვუხერხებთ. ოპოზიციამ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს. ამ არჩევნებზე დასავლეთის ყურადღება იქნება უფრო ძლიერი და შეფასებები იქნება უფრო მკაცრი. ხელისუფლება ვერ შეძლებს არჩევნების მასშტაბურ გაყალბებას. არჩევნების გზა არის ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლისა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.