ხვალ, 7 აპრილს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ჩამოვა.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისარი ფულე პასუხისმგებელია ევროკავშირის გაფართოებაზე. ის ასევე წარმართავს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში ჩართულ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რაც დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკის მოდერნიზაციისაკენ მიმართული რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირის მხარდაჭერას ითვალისწინებს. ევროკომისრის რანგში ეს შტეფან ფულეს პირველი ვიზიტია საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. E
ხვალ, 7 აპრილს ვროკომისარი წვეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვევა. ხვალვე დაგეგმილია თბილისში ევროპული სახლის გახსნა.
8 აპრილს ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე და ევროკომისარი შტეფან ფულე ხელს მოაწერენ ევროკავშირის დახმარების 2011-2013 წლების ეროვნული ინდიკატური პროგრამის მემორანდუმს, რაც საქართველოსთვის დახმარების სახით 2011-2013 წლებისათვის 180 მლნ. ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ-ქვეყანას, ფინანსურ მხარდაჭერას პრაქტიკულად უორმაგებს. აღნიშნული დახმარება მოხმარდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ვაჭრობასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ რეფორმებს, რეგიონალურ განვითარებას, სიღარიბის დაძლევას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძისა და ევროკომისარ შტეფან ფყლეს შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია.