„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED ) დამკვირვებლები უკრაინაში არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან.
ENEMO-ს მისიის ფარგლებში ISFED-ს ორი გრძელვადიანი და 8 მოკლევადიანი დამკვირვებელი ჰყავს უკრაინაში მივლენილი.
ISFED-ის გრძელვადიანი დამკვირვებლები, აკვირდებოდნენ უკრაინაში წინასაარჩევნო პერიოდს.
დღეს კი ISFED საპარლამენტო არჩევნებს ოდესაში, ლვოვსა და კიევში აკვირდება.
ENEMO დამკვირვებელი ორგანიზაციების ევროპული ქსელია, სადაც 17 ქვეყნის 21 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე დაკვირვებისას ხელმძღვანელობს ევროპული სტანდარტებით, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნები ამჯერადაც შერეული სისტემით ტარდება - დეპუტატების ერთ ნაწილს პარტიული სიით აირჩევენ, ნაწილს კი მაჟორიტარული წესით.
„დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნები არ გაიმართება, რის გამოც ქვეყნის უმაღლეს რადაში, 225 მაჟორიტარის ნაცვლად, სავარაუდოდ, 198 დეპუტატს აირჩევენ.
აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება დონეცკის ცხრა და ლუგანსკის ექვს ოლქში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ არჩეული უნდა იქნას 450 სახალხო დეპუტატი. ამათგან 225 პარტიული სიით.
არჩევნებში მონაწილეობას 29 პარტია იღებს.