დღეს, 6 აპრილიდან, თბილისში პრაიმერის ჩატარება დაიწყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ეროვნული საბჭოდან" აცნობეს, პრაიმერი სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით ტარდება.
"ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად გამოკითხვები 09:00 საათიდან დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
წინასწარი არჩევნების ფარგლებში, "კარდაკარის" პრინციპით დედაქალაქის 700 უბნის 15 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხება.
სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდით პრაიმერის თბილისში ჩატარება 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. "ეროვნული საბჭოს" ლიდერები გამოკითხვის მიხედვით გამარჯვებულ, თბილისის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს 9 აპრილს, ჭადრაკის სასახლეში დაასახელებენ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურად პრაიმერისთვის სამი სახის ბიულეტენი დაიბეჭდა - მერობის კანდიდატისთვის, საკრებულოს მაჟორიტარული და პროპორციული წესით დეპუტატობის კანდიდატებისთვის.
თბილისის მერობისთვის პრაიმერში კენჭს "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგური და "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი იყრიან.