25 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (თბილისი, შ. ჩიტაძის და 9 აპრილის ქუჩების კვეთა) ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი დაესწრებიან, რომლებიც ღონისძიებაზე შეკრებილთ სიტყვით მიმართავენ.
ინგლისელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი ოლივერ უორდროპი საქართველოში პირველად 1887 წელს ჩამოვიდა. მეორე ვიზიტისას მან უკვე იცოდა ქართული ენა და მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ქართველ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან: ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, თედო სახოკიასთან, გრიგოლ ვოლსკისთან და სხვებთან. სულ მალე მან ლონდონში ინგლისურ ენაზე გამოსცა წიგნი "საქართველოს სამეფო".
1919 წელს ოლივერ უორდროპი სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად დაინიშნა, ანუ ფაქტობრივად დამოუკიდებელი საქართველოს პირველი უცხოელი ელჩი გახდა.
უორდროპი, ბრიტანეთის მთავრობას დაჟინებით თხოვდა საქრთველოს დამოუკიდებლობის აღიარებას.1920 წლის 10 იანვარს ლორდმა კერზონმა, პარიზში ანტანტის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე, წამოჭრა და გაიტანა საქართველოს დე ფაქტო აღიარების საკითხი. სწორედ უორდროპმა ახარა პირველმა საქართველოს მთავრობას აღიარების ამბავი.
1922 წელს მეფემ ის ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებით დააჯილდოვა და სერ ოლივერ უორდროპად იწოდებოდა.
ოლივერ უორდროპთან ერთად საქართველო უსაზღვროდ უყვარდა მის დას, მარჯორი უორდროპს, რომელიც საქართველოში ყოფნის დროს, დაუახლოვდა მაშინდელ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს. მარჯორი უორდროპმა თარგმნა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", ილია ჭავჭავაძის "განდეგილი", "ქართული ხალხური ზღაპრები" და "წმინდა ნინოს ცხოვრება".