რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული, მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
მაია ბითაძის თქმით, ეს არის სამარცხვინო სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.
„ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ისე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით. ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში, ძალიან სამწუხაროა. მტკნარი ტყუილია, რომელიც მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი და შეტანილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.