დღეს, 6 აპრილს, თბილისში საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნება.
სხდომაში მონაწილეობის მისაღებად 5 აპრილს საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები ეწვივნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, 6 აპრილს, სხდომის გახსნამდე, სტუმრები ოკუპაციის მუზეუმში მივლენ და შემდეგ გადაინაცვლებენ საქართველოს პარლამენტში, სადაც სხდომა გაიხსნება.
საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომის შემდეგ სტუმრები პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მიხეილ მაჭავარიანს შეხვდებიან, შემდეგ კი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სათავო ოფისში გაემგზავრებიან, სადაც მათ მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალ-ლეიტენანტი ჟილ ჟანვიერი მიიღებს.
იმავე დღეს შეხვედრებია დაგეგმილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურთან და ვიცე-პრემიერებთან: გიორგი ბარამიძესა და თემურ იაკობაშვილთან.
7 აპრილი დელეგაციის წევრები ისევ საქართველოს პარლამენტში მივლენ და სხვადასხვა კომიტეტის წევრებს შეხვდებიან. დღის მეორე ნახევარში კი სტუმრები ჯერ წეროვნის დევნილთა ბანაკში, შემდეგ ერგნეთსა და გორში გაემგზავრებიან.
8 აპრილს დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და საგარეო უწყებაში გამართვენ. დაგეგმილია ასევე გასაუბრება ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის დემოკრატიული მმართველობის ქვეკომიტეტის წევრები საქართველოს 9 აპრილს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები