ქართველი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით შეერთებულ შტატებში ორი ბრუკლინელი მამაკაცი გაასამართლეს. მათ ბრალად 41 წლის მამუკა ჭამიაშვილის მკვლელობა ედებათ, იუწყება რუსთავი 2.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,. სამართალდამცველები ამავე დანაშაულისთვის კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.
ჭამიაშვილი კარგად დაგეგმილი თავდასხმის მსხვერპლი აღმოჩნდა. ის ინტერნეტში ავტომობილის გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. განცხადების ავტორებს - კეონ ლუისსა და ალი გარნერს კი პოტენციური მყიდველის გაძარცვა ჰქონდათ დაგეგმილი.
ჭამიაშვილი ავტომობილის ტესტ-დრაივზე თავის ვაჟთან და ოჯახის ახლობელთან ერთად მივიდა. მამა ადგილზევე ჩაცხრილეს, შვილს კი სცემეს. გარდაცვლილს 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. 2 ეჭვმიტანილი 6 და 16 ოქტომბერს დააკავეს.
"მე მამაჩემი და მამაჩემის მეგობარი მანქანის საყიდლად ვიყავით წასული. მანქანა შევამოწმეთ. სადღაც ხუთ წუთში ოთხი პიროვნება თავს დაგვესხა, ძირს დაგვაწვინეს და სროლა დაიწყეს. იარაღი ორჯერ ჩამარტყეს თავში. მამაჩემმა რომ დაინახა თავიდან სისხლი მდიოდა და იარაღს მირტყამდნენ, ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთს წვდა, ვინც მამაჩემს თავზე ედგა. ამის შემდეგ, ყველამ მამაჩემს დაუწყო სროლა. მამაჩემზე რომ გადაერთნენ, დრო ვიხელთეთ, მოვასწარით გაქცევა. გაქცევისას ჩვენც გვესროლეს. მამა ადგილზე გარდაიცვალა. ექვსი ტყვია ჰქონდა გულ-მკერდის არეში მოხვედრილი, ერთი - ხელში. ორი ადამიანი დაიჭირეს, ორი დევნაშია", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გარდაცვლილის შვილმა ლევან ჭამიაშვილმა.