თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძველი თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
გამოძიება უგულავას, დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას ედავება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორ მოწმეს, "ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს დაკითხავენ.
საქმის პროკურორის ნათია სონღულაშვილის განცხადებით, მოწმეები განვითარების ფონდიდან მილიონობით ლარის გადარიცხვას დაადასტურებენ. მისივე თქმით, ბრალდების მხარეს საქმეში წარმოდგენილ აქვს არაერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევის შემდეგ, დადასტურდება, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ხდებოდა, რაშიც გიგი უგულავასთან ერთად, მონაწილეობას იღებდა, თბილისის მერიის უმრავლესი მაღალჩინოსანი.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული.