ირანში, თავრიზის უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენცია `კავკასიის უძველესი ისტორია~ ფარგლებში გამართულმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების გამოფენამ კონფერენციის მონაწილეებსა და ფართო საზოგადოებაში დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ირანის კულტურის ინსტიტუტისა და თავრიზის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაცია ესწრებოდა. კონფერენციის პარალელურად გახსნილ გამოფენაზე ქართული და ირანული მხარის მიერ ეროვნული არქივის სპარსული საბუთების კოლექციიდან საექსპოზიციოდ შერჩეული დოკუმენტების ასლები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება ადგილობრივი მედიით ფართოდ გაშუქდა.
საერთაშორისო კონფერენციაზე კავკასიისა და ირანის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურულ-საზოგადოებრივი ურთიერთობების საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს თეირანისა და თავრიზის უნივერსიტეტების, ასევე აზერბაიჯანის, დაღესტნის, თურქეთის სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენელებმა.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა წარმოადგინა მიმოხილვა `საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული სპარსული საბუთების წარმომავლობის, შინაარსისა და მნიშვნელობის შესახებ კავკასიის ხალხთა ისტორიაში~. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა ეროვნული არქივის წარმომადგენლები საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.
ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაცია ეწვია თავრიზის რეგიონულ არქივს, შეხვდა დირექტორს ბატონ სეიდ მასოუდ ნაგიბს და არქივის სხვა თანამშრომლებს. ორი ქვეყნის არქივების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამომავლო საქმიან ურთერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე.