თბილისის პარლამენტის სასახლეში საქართველო-სომხეთის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის გახსნითი სესია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, გალუსტ საჰაკიანმა მიმართეს.
,,მე შევეხები ერთ კონკრეტულ საკითხს. საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ საქართველომ რამდენიმე თვის წინ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ხოლო სომხეთი რამდენიმე დღეში აპირებს შეურთდეს ევრაზიის კავშირს და ასე უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა და განხორციელება. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ერთმანეთის სუვერენულ არჩევანს, იმ ხედვას, რომელსაც თავად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და მათი ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ძალები ვახორციელებთ. მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩვენი სომეხი კოლეგები, რომ საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან სულ უფრო და უფრო მზარდი სიახლოვე და ევროინტეგრაცია არავითარ შემთხვევაში და არაფერში არ აისახება ნეგატიურად ჩვენს მოძმე სომეხ ხალხთან ურთიერთობაში. ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობა ჩვენ წარმოგვიდგენია, როგორც მეზობელი სომხეთისთვის ხელსაყრელი ვითრება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგები სწორედ ასეთი მიდგომებით იხელმძღვანელებენ ევრაზიულ გაერთიანებაში და ამ გაერთიანების პარტნიორებისთვის ჩვენი სომეხი კოლეგებისგანაც იქნება ძალიან მკაფიოდ განმარტებული, რომ მომავალში არანაირი პრობლემა, არანაირი გართულება, არანაირი დაბრკოლება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ამ ფაქტორის გამო არ შეექმნება. ეს არის ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო სტრატეგიული საკითხი და ჩვენ ამაში გვაქვს სრული ურთიერთგაგება",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, გალუსტ საჰაკიანმა ორ ქვეყანს შორის არსებული ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
,,ჩვენი აზრია, რომ განვავითაროთ და გავაღრმავოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა ის იყოს კიდევ უფრო ურთიერთსასარგებლო ჩვენი ქვეყნებისთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას და განვითრებას, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დიდ ნაწილს. მნიშვნელოვანია, რომ, ჩვენი ურთიერთოებეი ახალ მუხტს იღებს",-განაცხადა გალუსტ საჰაკიანმა.