სასამართლო თენგიზ ერისთავის პატიმრობიდან გათვაისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც არნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს თენგიზ ერისთავის უფლებების დამცველებმა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე.
თენგიზ ერისთავს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დასაშვებად სცნო, განიხილა ზეპირი მოსმენით და ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი - 10 000 ლარის ოდენობით შეცვლის თაობაზე - დააკმაყოფილა. ბრალდებული თენგიზ ერისთავი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ღია სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე და თავად ბრალდებული. სასამართლომ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე დაიკითხა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ყველა პირი, რაც თავისთავად მინიმუმამდე ამცირებს მოწმეებზე ზემოქმედების რისკს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო დასაბუთებული და აღარ არსებობდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძვლები.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.