საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, ბერლინში ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა. ბერლინელ მაყურებელს ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „გრძელი ნათელი დღეები" წარუდგინეს. ფილმის ჩვენების შემდეგ შედგა პოდიუმდისკუსია, რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ლეჟავა უძღვებოდა.
კულტურის დღეების ფარგლებში ქართული კინოს ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა. ფილმის რეჟისორებმა და საღამოს ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს გერმანიაში და საქართველოს ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურიას.
დისკუსიის დასასრულს მაყურებელს საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და დაეთვალიერებინა ბერლინში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ზაზა თუშმალიშვილის ნამუშევრები.
ბერლინში ქართული კულტურის დღეები 31 ივლისს გაიხსნა და ოქტომბრის ბოლომდე გასტანს. კულტურული დღეების ფარგლებში უკვე გაიმართა ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია; ანსამბლ „შინ"-ისა და კამერული ორკესტრის - Georgian Sinfonietta-ს, ქართველი პიანისტის დუდანა მაზმანიშვილის კონცერტი და სხვა მრავალი ღონისძიება.
ბერლინში ქართული კულტურის დღეების ორგანიზატორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, ბერლინის ევროპული კულტურის მუზეუმი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული მუზეუმთან ერთად. კულტურის დღეებში გამართულ ღონისძიებებს ესწრებიან ბერლინში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის, კულტურული წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები
აღსანიშნავია, რომ ბერლინში, საქართველოს კულტურის დღეებს აქტიურად ეხმაურება გერმანული პრესა. კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებების შესახებ სტატიები დაიბეჭდა გამოცემებში: „Berliner Zeitung" , „Berliner Abendblatt" , „Neues Deutschland" , „Tip Berlin", „Märkische Oderzeitung". გერმანული გამოცემები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქართულ უნიკალურ კულტურაზე, მათ შორის სუფრის ტრადიციებსა და ღვინის კულტურაზე.