საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა.
"საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მორიგი სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მასზე აქტუალური და ქვეყნისთვის საინტერესო საკითხები განიხილება", - განაცხადა ნალბანდოვმა.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს ლუქსემბურგში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-10 სხდომა გაიმართა. ქართული მხრიდან შეხვედრაში საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე მონაწილეობდნენ. ევროპულ დელეგაციას კი ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ხელმძღვანელობდა.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს პლენარულ სესიაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური თემები განიხილებოდა, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია და ევროკავშირის როლი საქართველოში საერთაშორისო მონიტორინგის არსებობის და უსაფრთხოების შემდგომი ხელშეწყობის თვალსაზრისით.
სხდომაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა გასული წლის აგვისტოს ომის შემდგომ ქვეყანაში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის როლის გაზრდის მნიშვნელობაზე; ჟენევის ფორმატში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე; ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართული მოსახლეობის უფლებების უხეშ დარღვევებსა და შესაბამისად, უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივებზე, რომელიც, თავის მხრივ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოიცავს; ~აღმოსავლეთ პარტნიორობის~ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე; ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე; სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების დროულად ხელმოწერის აუცილებლობაზე; ასევე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების პროცესსა და ამ კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივანი, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჰავიერ სოლანა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები.