რეჯებ ერდოღანი იყო ის ერთადერთი კაცი მსოფლიო ლიდერებიდან, რომელმაც პირდაპირ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, აღნიშნულია „ვზგლიადის" მიერ გამოქვეყნებულ, სტატიაში.
სტატიაში გაანალიზებულია თურქეთის დღევანდელი პოლიტიკა, ამას წინათ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და მასში რეჯებ ერდოღანის გამარჯვების შედეგების მნიშვნელობა როგორც თურქეთისათვის, ასევე რუსეთისთვის (ავტორი სტანისლავ ბორზიაკოვი).
„რუსეთისათვის ერდოღანის გამარჯვება უფრო მეტად კარგი მოვლენაა, ვიდრე ცუდი: თურქი ლიდერი უპირველეს ყოვლისა, პრაგმატიკოსია, მისი პრემიერობის დროს რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობამ უჩვეულო და კოლოსალურ სიმაღლეებს მიაღწია... გავიხსენოთ, რომ რეჯებ ერდოგანი იყო ის ერთადერთი კაცი მსოფლიო ლიდერებიდან, რომელმაც პირდაპირ დაუჭირა მხარი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოში. გარდა ამისა, მას არასდროს არ ეშინოდა ვაშინგტონის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა. რეჯებ ერდოგანი არად დაგიდევთ აგრეთვე „მოსკოვის შესაჩერებლად გამოცხადებულ სანქციებს". მოკლედ, ვლადიმერ პუტინს მრავალი მიზეზი ჰქონდა, როცა თავის თურქ კოლეგას გამარჯვება მხურვალედ მიულოცა", - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, ერდოგანს მხარი კონსერვატიულმა ამომრჩეველმა, „სოფლის" თურქეთმა დაუჭირა.
„საპრეზიდენტო არჩევნების გეოგრაფიამ გვაჩვენა, რომ რეჯებ ერდოღანს მხარი კონსერვატიულმა ამომრჩეველმა, „სოფლის" თურქეთმა დაუჭირა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასე იქნება დიდი ხნის განმავლობაშიც. მართალია, დღეს თურქეთში პრეზიდენტს მხოლოდ სიმბოლური უფლებები აქვს, მაგრამ რეჯებ ერდოგანს ტყუილად ხომ არ სურდა პრეზიდენტობა? ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც, აშკარაა, კვლავ მისი ზომიერად ისლამური პარტია გაიმარჯვებს, დანარჩენი კი „ტექნიკის საქმეა": იგი კონსტიტუციასაც შეცვლის და ამით დასრულდება ყველაფერი. დღევანდელი თურქეთი ხომ ის თურქეთი აღარ არის, რაც 10 წლის წინ იყო - რეჯებ ერდოგანმა მუსტაფა ქემალის საერო იდეების დამცველ სამხედროებს კისერი მოუგრიხა, ბევრი გენერალი გაათავისუფლა, ბევრი დააპატიმრა", - წერს ავტორი.