ამერიკულ გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნალში" რუბრიკით „წერილები" გამოქვეყნებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული სისიხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, 30 ივლისს გაზეთმა მიხეილ სააკაშვილის დასაცავად სარედაქციო სტატია გამოაქვეყნა. თეა წულუკიანის პასუხში ვკითხულობთ (სრული სახით):
„თქვენი სარედაქციო სტატია „ქართული სირცხვილი" საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ „პოლიტიკურ შურისძიებაში" ადანაშაულებს.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე მტკიცედ ვაპროტესტებ ამ განცხადებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება.
საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული „თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ, მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორსმიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი. მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული.
პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლება იურიდიულად ვალდებულია, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ეს „ჰუმან რაითს ვოჩ"-ის (Human Rights Watch) მიერ არის დოკუმენტირებული.
2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე. საქართველოს წარსული მართლაც სავსეა უამრავი მსგავსი ქმედებით, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა".