„ამერიკის ხმის" რუსულენოვანი სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ქართველი ანალიტიკოსების თვალსაზრისი ექვსი წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარ ომის შესახებ .
გთავაზობთ შემოკლებით:
ელენე ხოშტარია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციას" ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ, საქართველომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ცარევით, 2008 წლის აგვისტოში სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა, მეორე მხრივ კი ისე გამოვიდა, რომ რუსეთის რეპუტაცია არ დაზარალებულა: „დასავლეთმა ომის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი დიალოგში უნდა ჩავრთოთო, რუსეთზე, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა და საერთაშორისო სამართალი დაარღვია". „რეალურად, 2008 წლის პრეცედენტი დღეს უკრაინაში მეორდება. აი, მაშინ რომ რუსეთისათვის პასუხი მოეთხოვათ, მოსკოვი ვეღარ გაბედავდა იგივეს გაკეთებას უკრაინაში", - ამბობს ელენე ხოშტარია. მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ კრახით დასრულდა. „დასავლეთი თავის პოლიტიკას კი არ ატარებდა, არამედ რეაგირებდა რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისებზე. ამ თვალსაზრისით უკრაინის კონფლიქტი სერიოზული გაკვეთილი უნდა იყოს დასავლეთისათვის".
გია ნოდია, კავკასიის მშვიდობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში ასევე მინისტრის პოსტი ეკავა, ამბობს, რომ თავის დროზე დასავლეთმა ვერ შეძლო ადექვატურად შეეფასებინა საქართველო-რუსეთის ომის შედეგები. მართალია, დასავლურ პრესაში წერდნენ, რომ მთავარი დამნაშავე რუსეთია, მაგრამ იქვე აღნიშნავდნენ, რომ კონფლიქტის ესკალაციას ხელი შეუწყო თბილისის ნაჩქარევმა ნაბიჯებმაც. შესაბამისად, დასავლეთის რეაქცია იყო საკმაოდ „რბილი": რუსეთი კი არ უნდა დაისაჯოს ოკუპაციისათვის, არამედ საერთო პროექტებში უნდა იქნეს ჩართული. გია ნოდიას თქმით, იმ პერიოდს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაემთხვა, აშშ-ის ადმინისტრაციაც შეიცვალა და ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჯორჯ ბუშ-უმცროსის პოლიტიკისაგან დისტანცირება ამჯობინა. ანალიტიკოსი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საყვედურობდნენ, თითქოსდა მან ჯორჯ ბუშის ტყუილ დანაპირებს დაუჯერა და ამიტომ წავიდა რუსეთთან კონფლიქტზე, თუმცა ექვსი წლის შემდეგ, უკრაინის მოვლენების გააზრებისას, ამგვარი მსჯელობის მცდარ ხასიათზე უკვე აღარავინ დაობს.
ელენე ხოშტარია და გია ნოდია ამტკიცებენ, რომ ომი გარდაუვალი იყო, ანუ ის ადრე თუ გვიან მაინც მოხდებოდა: „ეს იყო რუსეთის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ევროპისთვის ეჩვენებინა: რეგიონში ექსკლუზიური უფლებები მხოლოდ მოსკოვს აქვს".
რაც შეეხება შეცდომებს, ელენე ხოშტარიას აზრით, შეცდომა იყო ის, რომ თბილისმა ვერ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ომისწინა პერიოდში, ანუ როცა ინტენსიური სროლები დაიწყო. გია ნოდია კრიტიკულად აფასებს ხელისუფლების „ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს, რომ სააკაშვილის მთავრობა ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებდა: „ძალიან მცირე შანსი იყო იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხერხდებოდა, ამიტომ 2004 და 2008 წლების საარჩევნო კამპანიის დროს მსგავსი განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო".
არის თუ არა გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან?
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გარანტიები არ არსებობს, მაგრამ არის მეთოდები, რომლებიც „მიზანთან ახლოს მიგვიყვანს": „საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რუსეთზე და თვით ქართველების დიალოგი ოსებთან და აფხაზებთან, საერთო პრობლემების მოსაგვარებლად".
გია ნოდიას აზრით, ამ ეტაპზე ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა რუსეთთან დიალოგის გზით არარეალურია, მოსკოვ-თბილისის ურთიერთობების გარკვეული დათბობის მიუხედავად. „თუ რუსეთის პოლიტიკა პრინციპულად შეიცვლება, მაშინ შეიძლება მოლაპარაკების საფუძველი გაჩნდეს, თუ არა და, სანამ მოსკოვი თვითონ არ მიხვდება იმას, რომ ასეთი პოლიტიკა კატასტროფამდე მიიყვანს, მანამ არაფერი დადებითი არ იქნება, ამ ეტაპზე მსგავსი სიტუაციის წარმოდგენა ძნელია".
რაც შეეხება ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთობის გაღრმავებას, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ აქ მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის პოლიტიკაა, რომელიც ინტეგრაციის პროცესს ბარიერებს უქმნის. „აქ აფხაზებმა და ოსებმაც თვითონ უნდა გადაწყვიტონ, მათ თვითონ უნდა განსაზღვრონ გზები, საით წავიდნენ - დარჩნენ ჩაკეტილ, არადემოკრატიულ, თვითმყოფადობის მტერ რუსეთში თუ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაიწყონ და ისარგებლონ ყველა სიკეთით, რასაც მათ პროდასავლური თბილისი სთავაზობს", - ასკვნის ელენე ხოშტარია.
მასალის გამოყენების პირობები