საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარალემნტში სიტყვით გამოსვლისას სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში დაწვრილებით არის მოცემული და განხილული ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები.
"პროგრამაში ჩვენ ამომწურავად ჩამოვაყალიბეთ სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი მიმართულება. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით საქართველოსთვის დაიწყო თვისებრივად ახალი ეტაპი, ახალი ფაზა. ეს იქნება ძალიან შრომატევადი პერიოდი, რომელიც ჩვენგან მოითხოვს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას, იმისათვის, რომ მზად ვიყოთ ყველა გამოწვევისათვის. "- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.