,,ნაცმოძრაობა" არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას.როგორც ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსთავში პოლიცია თავად იყო "ქართული ოცნების" აგრესიული კოორდინატორების წამქეზებელი.
,,"ქართული ოცნების" კოორდინატორები მიზანმიმართულად ცდილობენ ვიდეოკამერიან დამკვირვებლებთან კონფლიქტში შესვლას, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, პოლიციას კი, საქმის ვითარებაში გარკვევის საბაბით, უბნიდან მიჰყავს არა კონფლიქტის გამომწვევი "ქართული ოცნების" კოორდინატორები, არამედ სწორედ ის დამკვირვებლები, რომლებიც უბნების ვიდეოგადაღებას აწარმოებენ.სწორედ ასეთ მოქმედებას ჰქონდა ადგილი თბილისში, მთაწმინდის მე-16 და ნაძალადევის მე-8-9-10 უბნებზე, აგრეთვე, რუსთავის 79-ე უბანზე.რუსთავში პოლიცია თავად იყო "ქართული ოცნების" აგრესიული კოორდინატორების წამქეზებელი, მთაწმინდის მე-16 უბნის ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ დამკვირვებელზე დაუყოვნებლივ ძებნა გამოაცხადა, ხოლო ნაძალადევში დამკვირვებელზე საარჩევნო ადმინისტრაციამ ტყუილი გაავრცელა, თითქოს დამკვირვებელი ნიკოლოზ ჩომახაშვილი ნასვამი იყო", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა და სამართალდამცავებს მოუწოდა კონტაქტი იქონიონ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის წარმომადგენლებთან.
,,მივმართავთ პოლიციას, კონტაქტზე გავიდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო დეპუტაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ჩვენს საოლქო შტაბებში იმყოფებიან და მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა საარჩევნო უბნებზე შენარჩუნდეს სიმშვიდე, დარჩნენ დამკვირვებლები და ამომრჩეველს მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალებას", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა.