ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ წარადგინა ინფორმაცია. როგორც კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა აღნიშნა, 10:00 სთ-ისთვის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 117,409-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 6.84 %-ია. უშუალოდ თბილისში უბნებზე, მოცემული დროისთვის 63,253 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც თბილისში ამორმჩეველთა საერთო რაოდენობის 6.9%-ია.
„ამ დროისთვის საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზე აღმოიფხვრა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხელი ხაზი - 2 51 00 51 და ონლაინ ოპერატორი. გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
ცესკოს სპიკერმა ასევე შეახსენა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება საარჩევნო აგიტაცია. კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. ასევე, იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
"საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მოგიწოდებთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ კენჭისყრის პროცესში," - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ბრიფინგის დასრულებისას.
დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ ცესკო მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები