დღეს, 11 ივლისს, 12:30 საათზე ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, ბატონი დავით ნარმანია ტოიოტას ახალ დილერს საქართველოში, „ტოიოტა ცენტრ თეგეტას" ესტუმრება (უნივერსიტეტის ქუჩა N6). ვიზიტის მიზანია მშენებარე „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" დათვალიერება, სადაც უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს შოუ-რუმი/სალონი და ადმინისტრაციული ოფისი. „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში" უკვე ივლისის თვიდან მიმდინარეობს ტოიოტას უახლესი ავტომობილების მოდელების რეალიზაცია. რაც შეეხება „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს, ის მშენებლობის სრული დამთავრების შემდეგ იქნება შესაძლებელი და დაგეგმილია სექტემბრის ბოლოსთვის.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან" ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ს.ს. „თიბისი ბანკისა" და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამ დროისთვის, „ტოიოტა ცენტრში თეგეტაში „დასაქმებულია 25 ადამიანი, წლის ბოლომდე კი მათი რაოდენობა 120-მდე გაიზრდება. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისი აღიჭურვა უახლესი ავტორიზებული პროგრამებით, მომზადდა პერსონალი. ეს ყველაფერი კი ცალსახად იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი მიიღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.
ამჟამად დროებითი სერვისცენტრის მომსახურება „თეგეტა მოტორსის" ვაკის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ აქ დაცულია მომსახურების ყველა ის სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია „ტოიოტას" გაყიდვების შემდგომი მომსახურების სახლემძღვანელოთი.
„მოხარული ვარ, რომ უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ ტოიოტას მფლობელებს ავტორიზებული საგარანტიო და გეგმიური სერვისი, ხოლო ყველა მსურველს ტოიოტას ბრენდის უახლესი მოდელები. ჩვენ გვსურს მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ტოიოტას ფლობა საქართველოში, რაშიც დაგვეხმარება ერთის მხრივ "ტოიოტა მოტორსის" მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება, ხოლო მეორეს მხრივ "თეგეტა მოტორსის" ადგილობრივი გამოცდილება."- აცხადებს შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას" დირექტორი, ბატონი გეგა მეთეფშიშვილი.
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის „თეგეტა მოტორსის" რიგით მე-5 შვილობილი კომპანია. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ტექ. მომსახურებას. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" უახლოეს მომავალში მომხმარებელს განახლებულ, უფრო მრავალფეროვან სერვისებს შესთავაზებს.