პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში გუშინ თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ,,ნაცმოძრაობის" მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატთან დებატებისას გერმანიის საფეხბურთო ნაკრების შედეგი გაიმეორა.
,,გავიგე ნიკა მელიას ნარმანიასთან გუშინდელ დებატებში გერმანიის შედეგი გაუმეორია:) მიდი ნიკანორ ფინალში უკვე ხარ:) აბა შენ იცი", _აცხადებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს დავით ნარამანიასა და ნიკა მელიას შორის დებატები გუშინ ოთხ ეტაპად წარიმართა.
კანდიდატებს საარჩევნო პროგრამის წარსადგენად სამ-სამი წუთი მიეცათ, რის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მერობის კანდიდატებს ერთმანეთისთვის კითხვის დასმის საშუალებაც ჰქონდათ, ხოლო პასუხის გასაცემად თითო-თითო წუთი.
დავით ნარმანიამ ნიკა მელიას ბუკლეტი გადასცა, რომელშიც ძველი და ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული პროგრამების შესახებ იყო საუბარი.
ნიკა მელიამ კი ოპონენტს ის სია მისცა, რომელშიც, მისი თქმით, კოალიციის მიერ შეუსრულებელი დაპირებების ჩამონათვალია.
დებატები ,,შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა. არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს შედგება.