უახლოეს პერიოდში შესაბამისი რეაგირების გარეშე, შესაძლოა, "თურქულის" ეპიდემიამ იფეთქოს. დაავადება "თურქულით" ახალგორის, ახალქალაქისა და ახალციხის რაიონებში საქონლის დაცემა დაფიქსირდა. მოსახლეობა ამის მიზეზად სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებულ აცრებს ასახელებს.
მათი თქმით, აცრები ოქტომბრის ნაცვლად დეკემბერში ჩატარდა და დეკემბერში აცრების ჩატარება არაპროფესიონალილზმის მაჩვენებელია, რადგან ვაქცინა ყინვის დროს არაეფექტურია. ასევე არ გამორიცხავენ, რომ ვაქცინა, რომლის დროსაც მათი საქონელი აიცრა, შესაძლოა ვადაგასული ყოფილიყო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ვაქცინა, რომლითაც აცრები ჩატარდა სურსათის უვნებლობის სამსახურს FAO-მ საჩუქრად გადასცა, თუმცა მისი დროულად გამოყენება ვერ მოხერხდა. FAO-მ გასული წლის შემოდგომაზე არაერთხელ მოითხოვა ვაქცინაციის დროულად დაწყება, თუმცა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურმა ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებში ჩაატარა.
როგორც ვეტერინარები განმარტავენ, ზამთრის პირობებში დაბალი ტემპერატურა ვაქციას შესაბამის თვისებებს უკარგავს და მისი ეფექტურობა მინიმუმამდეა დასული. რაც შეეხება ვაქცინის ვადას, "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ვაქცინას ვადა 20 დეკემბერს გასდიოდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე ვაქცინის ეფექტურობა ისედაც დაბალია.
სურსათის უვნებლობის სამსახური აღნიშნულს უარყოფს და აცხადებს, რომ აცრები დროულად ჩატარდა. სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადასტურებს, რომ აცრები დეკემბერის შუა რიცხვებში ჩატარდა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს არანაირი დარღვევა არ არის და დეკემბერში აცრების ჩატარება დასაშვები და შესაძლებელი იყო.
"მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არანაირი დარღვევა არ ყოფილა",_ აცხადებს ბეჟანიშვილი.
ბეჟანიშვილი ვერ ასახელებს მიზეზს თუ რატომ არ ჩატარდა ვაქცინაცია თავის დროზე იმ პირობეში, როდესაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაციიდან (FAO) ვაქცინა დროულად ქონდა მიღებული.
ბეჟანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, რომ ვაქცინა სამსახურმა მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაციისგან მიიღო (FAO) და ეს მთელ რიგ პროცედურებთან იყო დაკავშირებული. თუმცა სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსის მოადგილემ პრეპარატის დაგვიანებით მიღების ფაქტი არ დაადასტურა.