ქვეყანა მარცვლეულის ადგილობრივი მოსავლის გარეშე რჩება, ხოლო საქონელი კი საკვების გარეშე. როგორც საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ფერმერი, ბექა გონაშვილი აცხადებს, კახეთში გვალვის გამო მოსავალი გაფუჭდა, ხოლო საძოვრებზე ბალახი გახმა. მისივე ინფორმაციით, კახეთში ყველაზე რთული ვითარება დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებშია.
„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მოსავალი ხალხმა ფაქტობრივად ვერ აიღო. ჰექტარზე 300-400 კილო მოსავალი აიღეს და ყველაზე რეკორდული მოსავალი რაც 1 ჰექტარზე ვინმემ აიღო ეს - 1,5 ტონაა. არადა წელს ნაკვეთები ყველამ კარგად დაამუშავა და შესაბამისი სასუქებიც შეიტანეს. თუმცა ამინდმა და ბუნებამ ასე გადაწყვიტა და მოსავალი აღარ არის. საკვები ბაზა საშინელ მდგომარეობაშია. საძოვრებზე საერთოდ ბალახი არ არის და რა ეშველება ჩვენს ხალხს არ ვიცი"- აცხადებს გონაშვილი.
მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი სამომავლოდ ხორცისა და რძის პოდუქტების გაძვირებასაც არ გამორიცხავს, რადგანაც მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის გამოკვება ფერმერებს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ბექა გონაშვილის განმარტებით, ფერმერები მხოლოდ იმპორტირებული მარცვლეულის იმედად რჩებიან.
„ზამთარში საკვები ისედაც ძვირდებოდა. გასულ წელს ქერის ფასმა ერთ კილოზე 0,60-0,70 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც მოსავლის აღების პერიოდში ქერის ღირებულება 0,35-0,40 ლარი იყო. წელს კი მოსავლის აღების პერიოდში მისი ღირებულება უკვე 0,50 ლარია და ზამთარში მისი ფასი შესაძლოა 1 ლარამდეც კი ავიდეს. ეს ყველაფერი კი ფერმერისთვისაც საკმაოდ რთულია და მას გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. ფერმერებს, ზამთრისთვის, ზოგადად საკვების მომარაგება უჭირთ და ამ ზამთარში პირუტყვს როგორ შეინახავენ არ ვიცი. ზოგი იმასაც კი გაიძახის, რომ თუ როგორ მოიშოროს პირუტყვი, რადგანაც ზამთარში მის შენახვას ვერ მოახერხებენ"- აცხადებს საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.
გონაშვილს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო რაიმე სახით სექტორს დახმარებას გაუწევს, რათა მომავალ სეზონზე ადამიანებმა მიწის დამუშავება და მარცვლეულის დათესვა შეძლონ, მით უმეტეს, რომ ფერმერთა ნაწილმა ბანკებს საკუთარი პრობლემების შესახებ უკვე აცნობა. როგორც ცნობილია მათ მიწების დამუშავება აღებული კრედიტებით ქონდათ დაფინანსებული და მოსავლის იმედად იყვნენ.
„ქერი და ხორბალი აუცილებლად შემოსატანი გვექნება, რადგან ადგილობრივი წარმოება ფაქტობრივად არ არის. ეგ კი არა, სამომავლოდ სათესლე მასალაც აღარ არსებობს. ამ მიმართულებით მაინც უნდა იფიქროს სახელმწიფომ, რომ მოსახლეობა სათესლე მასალით მაინც მომამარაგოს, თორემ გამორიცხულია, რომ მომავალი წლისთვის ფერმერებმა რაიმის დათესვა მოახერხონ"- აცხადებს ბექა გონაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ წელს მეტეოროლოგიური პირობების გამო, ხორბლის ადგილობრივი წარმოება მკვეთრადაა შემცირებული.
„წელს ხორბლის ცუდი მოსავალია. შემოდგომიდან ნალექი არ იყო, შემდეგ იყო ყინვები. ძალიან რთული სიტუაციაა კახეთში, მაშინ როდესაც ფერმერს 1 ჰექტრიდან 3-4 ტონა მოსავალი უნდა მიეღო, წელს 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან 300-400 კილოგრამი ხორბალი იყო. ანუ იმდენად მცირე იყო მოსავალი, რომ ფერმერებს ნაკვეთებში კომბაინებიც არ შეყავდათ.
შედარებით კარგი სიტუაციაა ქართლში, თუმცა არც იქაა სახარბიელო ვითარება. ვვარაუდობთ, რომ ქართლში 1 ჰექტრიდან 1 ტონიდან 2 ტონამდე მოსავალს აიღებენ"- აცხადებს ნინო ზამბახიძე.
მისივე განმარტებით, 2013 წლისთვის 150 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი იყო პროგნოზირებული, თუმცა რეალურად 80 ათას ტონამდე ხორბლის დაბინავება მოხერხდა.
ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს უჭირს იმის თქმა, თუ ხორბლის რა მოცულობის მოსავალს აიღებენ ფერმერები, თუმცა განმარტავს, რომ 2014 წლის მოსავალი 2013 წლის მოსავალთან შედარებით საკმაოდ მცირე იქნება.
რაც შეეხება ფასს, ნინო ზამბახიძის განმარტებით, ხორბლის ფასი საქართველოში დამოკიდებული იქნება იმ ბაზრებზე არსებულ მოსავალზე, საიდანაც საქართველოს ხორბლის იმპორტს ეწევა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკუთარი სასურსათოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის წლის განმავლობაში 700 ათასიდან 800 ათას ტონამდე ხორბალი ესაჭიროება, საიდანაც ადგილობრივი წარმოების წილი 12-13 %-ია.