პაატა დავითაია ნდობის ჯგუფისა და უშიშროების საბჭოს წევრებს სთხოვს, განიხილონ საკითხი, თუ როგორ ცდილობს ოკუპანტი რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ნორმების გამოყენებას. ეს განცხადება დავითაიამ დღეს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, სსპ-იდან მოვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სავაჭრო პალატამ აფხაზეთი ქართული მხარის აქტიურობის შედეგად გარიცხა.
დავითაიას განმარტებით, რუსეთმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობა შეიყვანა შეცდომაში და მათ აფხაზეთი მიიღეს წევრად, მას შემდეგ კი, რაც ქართულმა მხარემ ეს საკითხი გააპროტესტა, ორგანიზაციამ დემონსტრაციულად გარიცხა აფხაზეთი და მას გადახდილი საწევროც კი უკან დაუბრონა. დავითაია ამ ფაქტზე იმის დამადასტურებლად საუბრობს, რომ ქართული მხარე უნდა იყოს ფხიზლად და ყველა მსგავს ქმედებას მოჰყვეს სათანადო რეაგირება და იმედოვნებს, რომ "დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან".
სწორედ ამიტომ იგი უშიშროების საბჭოსაც და ნდობის ჯგუფსაც სთხოვს, უახლოეს სხდომაზე განიხილონ აღნიშნული საკითხი, თუ როგორ ცდილობს რუსეთი საერთაშორისო ნორმების გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ და შემუშავდეს ქმედითი მექანიზმები რუსეთის ამ მოქმედებების საწინააღმდეგოდ.