თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამის შემდეგ ქვეყანა სრულად და მწყობრად გააგრძელებს სრულ ინტეგრაციას ევროპაში.
,,ეს იქნება მართლაც დიდი მნიშვნელობის მატარებელი ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც თან მოყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად რაც მთავარია გზა რომელიც ავირჩიეთ ამ შეთანხების ხელმოწერის შემდეგ ხელშეუვალი იქნება და გავაგრძელებთ სრულად და მწყობრად სრულ ინტეგრაციას ევროპაში", _განაცხადა ალასანიამ.
დღეს, 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელი ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ მოაწერეს.
ხოლო საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ოფიციალურად დაიწყო 2010 წლის ივლისში (ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტზე- 2011 წლის დეკემბერში).
მოლაპარაკებების პროცესში გაიმართა 14 პლენარული სესია შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილზე, 6 რაუნდი - ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე და 100-მდე ვიდეო-კონფერენცია დარგობრივი თანამშრომლობის თავებსა და DC FTA-ზე. მოლაპარაკებები დასრულდა 2013 წლის ივლისში.
ასოცირების შესახებ შეთანხმება 1000-მდე გვერდს მოიცავს და ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან.
დღესვე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით თბილისში, საზეიმო კონცერტი გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ განაცხადა კონცერტი 20:30 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ვარსკვლავები და ქართული ესტრადის მომღერლები.