ნდობის ჯგუფის სხდომა რამდენიმე დღეში გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ნდობის ჯგუფის წევრმა უმრავლესობის კვოტით ზაზა გელაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე "ქრისტიან- დემოკრატების" ლიდერის, გიორგი თარგამაძის მოთხოვნის საპასუხოდ გააკეთა.
გიორგი თარგამაძე რუსეთის მხრიდან პანკისში ვითარების გამწვავების საშიშროებაზე საუბრობს და ნდობის ჯგუფის ფორმატით, უშიშროების საბჭოს მდივნის მოწვევა მოითხოვა.
ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად მოწვეული უნდა იქნან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი და ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელიც.
ზაზა გელაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული უწებების ხელმძღვანელებს გაეგზავნებათ მოთხოვნა, რათა რამდენიმე დღეში მოამზადონ საკითხი და უახლოეს დღეებში ნდობის ჯგუფის სხდომა დაინიშნება. ზთარიღი კი მას შემდეგ დაზუსტდება, რაც უწყებების ხელმძღვანელები მზად იქნებიან საკითხის განსახილველად.
"ეს არ არის კვირების საქმე ეს არის დღეების საქმე და სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება", _ აცხადებს ზაზა გელაშვილი.
ამ მოთხოვნას იზიარებს ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე, რომელიც 5-კაციან ნდობის ჯგუფის წევრია თარგამაძესთან ერთად. მოთხოვნას ასევე იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.