აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი არ აპირებს ხელი მოაწეროს დიმა ჯაიანის გათავისუფლების დოკუმენტს. მისი განცხადებით, მას არანაირი მუქარის წერილები არ გაუგზავნია აფხაზეთის თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელ დიმა ჯაიანისთვის და არ აპირებს მოაწეროს ხელი მისი გათავისუფლების დოკუმენტზე.
"დიმა ჯაიანს ჯერ ფორმალურადაც არ შევხვედრილვართ და ვერ წარმოვიდგენდი თუ შეხვედრისთვის დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობა დაგვჭირდებოდა. რაც შეეხება მის გათავისუფლებას, ყველაფერი რაც აქამდე იყო, იყო სამუშაო პროცესი, რომლის ფარგლებსიც ჩვენ დეტალებს ვსწავლობდით და, შესაბამისად, არანაირი საფუძველი იმისა, რომ ბატონ დიმას ესეთი განცხადება გაეკეთებინა ჩვენი მხრიდან არ არსებობდა",- განაცხადა ხომერიკმა.
მისივე განცხადებით, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო ახალი წლის გეგმებზე მუშაობს. მხარს უჭერს განათლების და კულტურის პროგრამებს, რომელიც აფხაზეთში კულტურულ ტრადიციებს არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ მათი განვითარებისთვის დამატებითი ღონისძიებებსაც გეგმავს.
"მინდოდა რომ ბატონ დიმასთან სამუშაო შეხვედრა მქონოდა და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არანაირი მუქარა ჩემი მხრიდან არ ყოფილა, ასევე ინფორმაცია, თითქოს ბატონი დიმასგან ჩვენ ნარკოლოგიური ცნობა მოვითხოვეთ, აბლსოლუტური სიცრუეა", _ განაცხადა ხომერიკმა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის თეატრის მსახიობები დახმარებისთვის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. ამის შესახებ მსახიობის სახლში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თაეტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიმა ჯაიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მას ბოლო პერიოდში კულტურის სამინისტროდან არაერთი პიროვნება დაუკავშირდა, დაუკავშირდა პარლამენტარი გია როინიშვილიც და მას პირდაპირ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება.