ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 68-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები.
საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე.
რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, ყოველწლიურად მოახსენოს გენერალურ ასამბლეას დევნილ მოსახლეობასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.
რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჰუმანიტარული მისიების საქმიანობის ბლოკირებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს რეზოლუციის მომხრეთა რიცხვი 69 სახელმწიფომდე გაიზარდა. მხარდამჭერთა რიგებს დაემატა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები, როგორიც არის საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში; მექსიკა ჩრდილოეთ ამერიკაში; ჰაიტი კარიბის ზღვის რეგიონში; კირიბატი, პაპუა-ახალი გვინეა და სოლომონის კუნძულები წყნარი ოკეანის რეგიონში; მავრიკი აფრიკის კონტინენტზე. მხარდაჭერის პოზიციას დაუბრუნდნენ უკრაინა, კოსტა-რიკა, ჰონდურასი და ლიბერია. მნიშვნელოვანია ასევე, რომ წელს რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რიგებს ახალი სახელმწიფო არ შემატებია. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგეთა რიცხვი სამით შემცირდა, მათ შორის სერბეთმა, წინა წლებისგან განსხვავებით, კენჭისყრისას თავი შეიაკავა.
საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციიით, სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ შეეცადა დევნილი მოსახლეობის დაბრუნებისა და სხვა ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზირებას.
რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის თვალსაზრისით არსებული პოზიტიური დინამიკა ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო ნათლად აცნობიერებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტური უფლებების განხორციელების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლების შესახებ.