5 ივნისს, 15:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის სტუმრებს უმასპინძლებენ. შეხვედრას დაესწრება 14 ევროპული და რეგიონული კინოსკოლა - საქართველოს, თურქეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, შვედეთის, ისრაელის, რუმინეთის, ბელგიის, ბულგარეთის, ყაზახეთის და საბერძნეთის წამყვანი კინოსკოლების რექტორები, კინოფაკულტეტის რექტორები, დეკანები და პროფესორები.
თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის ეგიდით შეიქმნა
საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობის მემორანდუმით აერთიანებს რამდენიმე უნივერსიტეტს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 2007 წლიდან ტარდება თატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
თბილისის მე-8 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის შესახებ:
წელს პროფესიონალთა ჯგუფმა, კინომცოდნე, პროფესორ ირინა დემეტრაძის ხელმძღვანელობით, 300-ზე მეტი წარმოდგენილი ფილმიდან ფესტივალის საკონკურსო პროგრამისთვის 50 შეარჩია. ფესტივალში მონაწილეობას იღებს 23 ქვეყნის კინოსკოლა: ფინეთი, გერმანია, ბელგია, ისრაელი, დანია, ბრიტანეთი,კოლუმბია, უკრაინა, რუსეთი, მაროკო, ჩეხეთი, ფილიპინები, სლოვაკეთი, ავსტრია, თურქეთი, ესპანეთი,ინდოეთი, პორტუგალია, პოლონეთი, ბრაზილია, ვიეტნამი, საბერძნეთი და საქართველო.
ფესტივალის საერთაშორისო ჟიური დაკომპლექტდა სხვადასხვა კინოსკოლის წარმომადგენლებით: დირკჰოიერი (Baltic film school, Estonia), ბერტ ბეიენსი (RITS school of art, Belgium), ზუზანა გინდლ-ტატაროვა (Eurimage Board Member, VSMU Slovakia), რომან შირმანი (უკრაინის კინოკავშირის გენერალური მდივანი, პროფესორი), რონ ნინიო (Sem Spiegel Film and TV School, Israel). ფესტივალის ეგიდით ჟიურის ყველა წევრი მოაწყობს მასტერკლასსა და საინფორმაციო შეხვედრას.
ჟიურის წევრების შეფასებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური/ექსპერიმენტული ფილმი, ასევე, დასახელდება ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. გაიცემა სპეციალური სერტიფიკატები იმ სპეციალობების მიხედვით, რასაც სტუდენტები მსოფლიოს კინოსკოლებში ეუფლებიან: რეჟისურა, ხმა, მონტაჟი და ოპერატორის ნამუშევარი.
ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ფესტივალს დაესწრება ოფიციალურ საკონკურსო პროგრამაში მოხვედრილი ფილმების 20 ავტორი. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში, გაიცნობენ ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლებენ მათთან „უწყვეტი კადრის" ვორკშოფში. ფესტივალის პარალელურად გადაღებული რამდენიმე კოპროდუქცია ნაჩვენები იქნება ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 7 ივნისს, 20:00 საათზე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ეზოში გაიმართება.
საფესტივალო დღეების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მეორე ადმინისტრაციულ კორპუსში მოეწყობა კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვა ღონისძიებები, რომელზეც დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია.
ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოსკინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ქალაქ თბილისის საკრებულო, ისრაელის საელჩო საქართველოში.