ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსი ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს და მოუწოდებს რუსეთს ნახევარკუნძული უკრაინის სახელმწიფოს დაუბრუნოს.
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია უკანონოა, ჩვენ მას არ ვაღიარებთ, ყირიმს უკრაინის ნაწილად მივიჩნევთ და მოვუწოდებთ რუსეთს ყირიმი უკრაინას დაუბრუნოს",_ განაცხადა მან ბრიუსელში.
ნატოს გენერალური მდივანი ამავე დროს დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების მთავარი გზა დიპლომატიური გზაა.
„რუსეთისთვის ამ მიმართულებით პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიტუაციის დეესკალაცია. უპირველეს ყოვლისა მან უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ჩვენ ვნახეთ ამგვარი გაყვანის დასაწყისი, მაგრამ უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ რჩება ათობით ათასი რუსი სამხედრო. ეს ჯარი იქ უსაფუძვლოდ იმყოფება",_ განაცხადა მან.
ამას გარდა, რასმუსენი აუცილებლად მიიჩნევს, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი ბოევიკების მხარდაჭერა შეწყვიტოს.