სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა თემურ იობიძემ საჩხერეში პრობაციის რაიონული ოფისი გახსნეს.
კალმახელიძის განცხადებით, თანამედროვე სტანდარტებით განახლებული და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ოფისი პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვისა და კონტროლის, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციონერთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე იმუშავებს.
ამჟამად საჩხერის რაიონულ ოფისში 163, ხოლო მთლიანად იმერეთის რეგიონში 3857 პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულია აღრიცხვაზე.
მინისტრი და სააგენტოს უფროსი შეხვდნენ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც კომპანია "ვისოლის" საჩხერის ავტოგასამართ სადგურზე სამინისტროს რეკომენდაციით და საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრების ახალი გზა" შუამდგომლობით დასაქმდა.
კალმახელიძე, სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი კობიძესთან ერთად, რაიონის მოსახლეობასაც შეხვდა. სამსახურის იურისტებმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს და მათ სამართლებრივ თემებზე მომზადებული ბუკლეტები გადასცეს.