ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცალსახად არ წერია, ვის პრეროგატივაში შედის მასზე ხელის მოწერა.
როგორც პოლიტიკური საკითხების ექსპერტმა კახა კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრაში განმარტა, ეს არის ისეთი ტიპის ხელშეკრულება, რომლეზე ხელისმოწერის უფლება აქვს, როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს.
"ცალსახად ვერ იტყვი, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა ამ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა, ან მხოლოდ პრეზიდენტის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პრემიერის და პრეზიდენტის დავალებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრსაც, მაგრამ გააჩნია, რა ტიპის დოკუმენტია და ვისი ხელმოწერით მოხდება მისთვის ფასის დადება", -აღნიშნა კახიშვილმა.
მისი აზრით, ასოცირების ხელშეკრულებას, რომ საგარეო საქეთა მინისრტმა მოაწეროს ხელი, შემდეგ იქნება ბევრი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მოაწერა ხელი, ან პრეზიდენტმა და ან პრემიერმა.
"ჩემთვის მთავარია, რომ არ ხდება მსჯელობა იმაზე, უნდა მოეწეროს თუ არა ხელი ხელშეკრულებას. დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ მოაწერს, მთავრია, რომ ამ ხელმოწერის გამო, დოკუმენტის ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვის ქვეშ არცერთ შემთხვევაში არ დადგება"- განაცხადა ექსპერტმა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას უმჯობესია ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს.
მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტს ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს, რადგან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი.
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საკითხზე მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტთან ერთად იმსჯელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის აზრით, ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მეორეხარისხოვანია, რადგან უმთავრესი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა.
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა 27 ივნისს არის დაგეგმილი.