16 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი გურამ ოდიშარია საპატიო სიგელებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მუზეუმების ღვაწლმოსილ და წარმატებულ თანამშრომლებს დააჯილდოებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს. ღონისძიება მუზეუმის საერთაშორისო დღისა და კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება მუზეუმის საერთაშორისო დღეს 1977 წლიდან, ყოველ 18 მაისს აღნიშნავს. ამ დღისათვის ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) მრჩეველთა საბჭო მუზეუმებს სთავაზობს ერთ კონკრეტულ თემას, რომელიც ძირითადად საზოგადოებაში მუზეუმების როლის გაზრდას ემსახურება. 2013 წელს ხუთი კონტინენტის 143 ქვეყნის 35 000-ზე მეტმა მუზეუმმა მუზეუმის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნა. მიმდინარე წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „სამუზეუმო კოლექციები გვაკავშირებს", რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მუზეუმი არის ცოცხალი ინსტიტუცია, რომელიც იცავს წარსულს და აკავშირებს მას აწმყოსთან; რომელიც თანამედროვე და მომავალ თაობებს საკუთარი წარმომავლობისა და ისტორიის უკეთესად აღქმის საშუალებას აძლევს.
საქართველოს სამუზეუმო საზოგადოება, ტრადიციულად, უერთდება მუზეუმის საერთაშორისო დღეს. მუზეუმების კვირეულის ფარგლებში 200-ზე მეტ მუზეუმში მოეწყობა განახლებული ექსპოზიციების, ახალი გამოფენების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა ტიპის კულტურული აქციის პრეზენტაციები, ხოლო 18 მაისს ყველა მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს დამთვალიერებლებს.