ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს გამართულ ერთობლივ სხდომაზე განიხილა და პლენარულ სხდომაზე გატანას დაუჭირა მხარი შესაბამის შეთანხმებას "საქართველოსა და ნატოს მხარდაჭერის ორგანიზაციას (NSPO) შორის სკრის საცავის ფეთქებადი ნარჩენებისაგან (EOD) გასუფთავებისა და EOD შესაძლებლობების განვითარების შესახებ".
როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვეფხია გრიგალაშვილმა შეთანხმების წარდგენისას განაცხადა, ეს დოკუმენტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში, ასევე ხელს უწყობს საქართველოში უსაფრთხო გარემოს შექმნას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სამხედრო საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულის დამატებითი წვრთნების შესაძლებლობას. პროექტის განხორციელების წამყვან ქვეყნებს, ნატო-ს მხარდაჭერის ორგანიზაციის მხრიდან, წარმოადგენენ ჩეხეთისა და ლიტვის რესპუბლიკები.
შეთანხმება თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა განიხილეს.