მიმდინარე წლის 15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მმართველი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
ფინანსთა მინისტრმა გამოსვლაში ისაუბრა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლის მთავარი ამოცანაც იყო როგორც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნება, ისე ქართული დემოკრატიის განმტკიცება.
მინისტრმა ასევე მოკლედ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზე და აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტია ცხოვრების დონის ზრდა, დემოკრატიული ინსტიტუტების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლერება, თავისუფალი კონკურენციისა და ბიზნესის ხელშეწყობა.
„2014 წელი განსაკუთრებულია საქართველოს განვითარებისთვის. ზაფხულში ჩვენ ხელს ვაწერთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). შეთანხმებაზე ხელმოწერა იქნება მნიშნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მსურს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადავუხადო იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვგრძნობთ ყველა დონეზე. ეს აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ ძალიან სწრაფად შევძლებთ ჩვენი მიზნების მიღწევას," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თავის გამოსვლაში მან ცალკე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობაზე და აღნიშნა, რომ EBRD-ი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ევრობანკი აქტიურადაა ჩართული საჯარო და კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებში. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ EBRD-ი მომავალში კიდევ უფრო გააფართოებს საქმიანობას საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში ევრობანკის ყოფნა წევრ ქვეყნებს ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდისა და განვითარების მიღწევაში. ევრობანკი ახორციელებს არა მხოლოდ ცალკეულ საინვესტიციო პროეტქებს, არამედ რაც მნიშნელოანია, წევრ ქვეყნებს ეხმარება შეიქმნას გონივრული ინსტიტუციური გარემო ბიზნესის წარმოებისთვის და აიოლებს დიალოგს ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
დასასრულს, მან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მონაწილეები მოიწვია თბილისში, სადაც 2015 წელს გაიმართება EBRD-ის მომავალი ყოველწლიური შეხვედრა. მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა EBRD-ის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის, დირექტორთა საბჭოს წევრებს, ასევე მასპინძელ ქვეყანას - პოლონეთს, ფორუმის ორგანიზების კუთხით გამოცდილების გაზიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს წარმატებით წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, როგორც რეგიონში ბიზნესის წარმოების კუთხით ლიდერმა ქვეყანამ.