23 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი ბალერონის ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები: ანხელ კორელა, ელენე გლურჯიძე, იგორ ზელენსკი, ლალი კანდელაკი, მაია მახათელი, არტურ შესტერიკოვი, იანა სალენკო, რაინერ კრენსტეტერი, ანასტასია სტაშკევიჩი, ვიაჩესლავ ლოპატინი, იგორ არტამონოვი. ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით და თეატრის ორკესტრი.
ღონისძიების მხარდამჭერია: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და
ამერიკის შეერთებული შატატების საელჩო.
ჯორჯ ბალანჩინი (ნამდვილი სახელი გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) მოღვაწეობდა 1904-1983 წლებში. წარმოშობით ქართველი ამერიკელი ბალეტმეისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელია. ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. მისი საუკეთესო დადგმებია:1928 წ. „უძღები შვილი", 1928 წ. „აპოლონ მუსაგეტი", 1948 წ. „ორფევსი", 1957 წ. „აგონი", 1941 წ. „ბროლის სასახლე", 1941 წ. „ბალე იმპერიალი" და სხვა.