საქართველოს პრეზიდენტმა ფრანსუა ორლანდს უმასპინძლა. ამ შეხვედრით, საფრანგეთის პირველმა პირმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია გამართა. გიორგი მარგველაშვილმა ფრანსუა ორლანდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობას საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, კიდევ უფრო გააღრმავებს და ხელს შეუწყობს.
"ჩვენი საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირთან. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში მოეწერება. ეს უქმნის ახალ შესაძლებლობებს ქვეყანას, ჩვენი ხალხის დაახლოებას. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რასაც ვახორციელებდით ფრანგებთან ერთად, ეკონომიკის, კულტურის, განათლების სფეროში, კვლავ გაგრძელდება. შევეხეთ, ასევე უმნიშვნელოვანეს პროექტებს, როგორც რეგიონისთვის, ისე საქართველოსთვის, ევროპისთვის. ის პროექტები, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, კასპიის, შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ შავი ზღვისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. გამოვხატეთ მზაობა იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც სულ უფრო ღრმავდება. არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმებები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ უელსის მომავალ სამიტზე, სადაც ქართული მხარე წელში გამართული მიდის. იმედი მაქვს, ადექვატური მხარდაჭერის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სერიოზულ კულტურულ ღირებულებათა ტრადიციებს. ამის კიდევ ერთი დასტური არის ის დამოკიდებულება, რომელიც ფრანგულმა მხარემ გამოხატა ლევილთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგას. ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავება ახალ იმპულსს შეიძენს ამ შეხვედრის შემდეგ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.