საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით ადამიანების გახშირებული გატაცებების შესახებ იმსჯელეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა და ესპანეთის პარლამენტის მმართველი სახალხო პარტიის წევრმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებში, იგნასიო სანჩეს ამორიმ.
სტუმრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა დეტალურად იყოს ინფრომირებული იმ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს გააჩნიათ, რათა მოხერხდეს ქმედითი ღონისძიებების გატარება, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დონეზე, რათა ამ ადამიანებს ყოფა-ცხოვრება შეუმსუბუქდეს. სწორედ ამ მიზნით ის დღესვე გეგმავს ჩავიდეს და ადგილზე შეისწავლოს იქ არსებული სიტუაცია.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნისათვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესში.