მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომრის ვინაობა ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
ფრაქცია ,,ქართული ოცნება-თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძის ინფორმაციით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, რეგიონების მიმართულებით ეს პროცესი უკვე დასრულებულია. კოალიციაში შემავალ თითოეულ პარტიას თავისი სია აქვს და ამ დროის მდგომარეობით, კოალიციის საერთო სიის შედგენა მიმდინარეობს.
"შერჩევის პროცესში პრიორიტეტი კანდიდატის კონკურენტუნარიანობას მიენიჭება. სიის პირველი ნომერი ჯერ ცნობილი არ არის. კონსულტაციები მიმდინარეობს და შედეგს საზოგადოება სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოსთვის შეიტყობს", - განაცხადა ზუმბაძემ.
მისივე თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კოალიციაში უკვე მიღებულია.
"რამდენადაც მე ვიცი, ირაკლი შიხიაშვილი გათვალისწინებული არ არის კოალიციის სიაში, ანუ ის წარმოდგენილი არ იქნება საკრებულოში. ალბათ, ნახავს სხვა სფეროს, სადაც საკუთარი თავის რეალიზაციისთვის უკეთესი საშუალება ექნება", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მისი განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ საზოგადოებას შიახიაშვილისა და რამდენიმე დეპუტატის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული მგრძნობელობა აღმოაჩნდა, შესაძლებელია, ტაქტის, შესაძლებელია იმ შეცდომების გამო, რომელსაც ის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სჩადიოდა.
რაც შეეხება მაჟორიტარებს, თბილისის 10 რაიონი 25 ოლქად იქნება დაყოფილი და ყველა მათგანში ეყოლება კოალიციის თავის მაჟორიტარი კანდიდატი. აქედან, დაახლოებით, 12-13 მანდატი "ქართული ოცნების" იქნება, დანარჩენი კი კოალიციაში შემავალ პარტიებზე გადანაწილდება.
დიდი ალბათობით, თავად გულიკო ზუმბაძე სამგორის რაიონის, შემოერთებული სოფლებისა და ლილოს მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.