საქართველოს პრეზიდენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც პრაღაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე სამიტში მონაწილე უმაღლესი რანგის პირების პატივსაცემად ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტს, ისევე, როგორც ცხრა სხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს, ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა პირადად უმასპინძლა. სამიტის პირველი პლენარული სხდომა მისასალმებელი სიტყვით ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა და ევროკომისარმა შტეფან ფულემ გახსნეს. დელეგატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმაც მიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ თვალსაჩინო პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობისა და რეფორმების განხორცილების თვალსაზრისით მიაღწია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო, საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია.
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მხრივ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ჩვენ ხელს მოვაწერთ არა უგვიანეს მიმდინარე წლის ივნისისა. ასოცირების ხელშეკრულება კი არის საქართველოს მოდერნიზაციის მთავარი გეგმა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენმა მიმართვისას.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებული ვითარების, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
„უკრაინაში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ევროპულ კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ევროპამ მოახდინა რეაგირება, თუმცა რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ იყო. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება დავინახოთ ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროკავშირი, რომელიც აღიარებს კონკრეტული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას და იცავს მათ ევროპულ მომავალს. ეს პერსპექტივა არის მამოძრავებელი ძალა დასახული რეფორმების განსახორციელებლად", - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პირველი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სამიტის ფარგლებში ყველა დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს შეხვედრას.