განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს სხვადასხვა სკოლების 200-ზე მეტ ღვაწლმოსილ პედაგოგს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით მათი შეხედულებები მოისმინა.
"რეფორმების განხორციელების პროცესში პროფესიონალი პედაგოგების შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია და სამინისტრო მზადაა თქვენი მოსაზრებები მაქსიმალურად გაითვალისწინოს", - აღნიშნა შაშკინმა შეხვედრაზე.
ამასთან, დამსახურებულ პედაგოგებს, მათ შორის პრეზიდენტის სტიპენდიანტებსა და ღირსების ორდენით დაჯილდოვებულ მასწავლებლებს მინისტრმა ყველა ის ცვლილება გააცნო, რაც 2010-2011 წლებში სკოლებშია დაგეგმილი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გაამახვილა, რომელიც 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული იქნება და ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
მინისტრის თქმით, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით უკლებლივ ყველასთვის, მათ შორის კერძო სკოლებისთვისაც, 60%-იანი აუცილებელი კონპონენტი განისაზღვრება, მასწავლებლები მხოლოდ დანარჩენ 40%-ში იქნებიან თავისუფლები არჩევანში.