დღეს, 26 ოქტომბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრა იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ტარდება. ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა მაღრაძე სტუდენტებს აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და სამომავლოდ დაგეგმილი, სტუდენტებისათვის საინტერესო, პროექტების შესახებ ესაუბრება. შეხვედრას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული დაესწრება.
იუსტიციიის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2009 წლის 6 აპრილს გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრაქტიკულ სასწავლო კურს გაივლიან და საჭირო უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან. სტუდენტებისთვის პირველი პრაქტიკული სასწავლო კურსი 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განხორციელდა.
მაგისტრანტებთან შეხვედრა გაიმართება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია.