კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალისთვის შეუფერებლად იქცევა, ძალადობს, ბილწსიტყვაობს. მესმის, რთულია მოთმინებით უპასუხო ასეთ ადამიანებს, ქალებსაც და კაცებსაც - ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, სამშობლოს, არაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გარედან დაფინანსებული „აგრესიული დაჯგუფების ჩამოყალიბება“ დღეს და გუშინ არ დაწყებულა, „მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციაში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა“.
„ფსევდო ლიბერალების აგრესიული ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც ბოლო წელია ქვეყნის აყირავების მცდელობით არის დაკავებული, უცხო ძალის დაკვეთით მოქმედებს, სურვილი აქვს, თუნდაც მცირე არეულობა შემოიტანოს ქვეყანაში, ხელი შეუშალოს წინასაარჩევნო კამპანიას და ჩემს საარჩევნო კამპანიას. ყველამ კარგად დაინახა, რა პროცესები განვითარდა თბილისის საარჩევნო შტაბის გარშემო, რადიკალთა ძალადობრივი დაჯგუფება პროვოკაციული ქმედებებით, აგრესიით, უწმაწური შეძახილებით, გინებით, ზიზღის ენით დაუპირისპირდა მმართველი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მედიის წარმომადგენლებს, რიგით გამვლელებს, ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას!
მიზანი ცხადია - საზოგადოების გახლეჩის მცდელობა. საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა. ძალადობა როგორ უნდა მოგეწონოს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ უნდა ხდებოდეს, ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ გამიკეთებია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება. არაერთხელ დამიგმია მათგან განსხვავებით, როდესაც პირიქით, ტაშს უკრავდნენ ძალადობას, ხელს უწყობდნენ ძალადობას სიუჟეტებით, „ფეისბუქ“ სტატუსებით და ასე შემდეგ.
კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, მაშინაც კი, როდესაც ქალს ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალისთვის შეუფერებლად იქცევა, ძალადობს, ბილწსიტყვაობს. მესმის, რთულია მოთმინებით უპასუხო ასეთ ადამიანებს, ქალებსაც და კაცებსაც, ვინც გუშინ და გუშინ წინ შტაბს დაესხა, საზოგადოებამ იხილა როგორ იქცეოდნენ. ეს ადამიანები არ ცნობენ არც საკუთარ სქესს, არც ეროვნებას, არც რელიგიას, სამშობლოს, არაფერს ვამბობ მათ მორალსა და ზნეობაზე. ეს არის გარედან დაფინანსებული აგრესიული დაჯგუფება. ასეთი ინდივიდების ჩამოყალიბება დღეს და გუშინ არ დაწყებულა, მიზანმიმართულად ხდებოდა სხვადასხვა ინსტიტუციაში მათი გაწვრთნა, დატრენინგება, უსამშობლო მასად ქცევა. ამ ყველაფრისთვის წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა“,-აღნიშნა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს თუ მათ „უსამშობლო მხარდამჭერს“, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, მომავალი არ აქვს პოლიტიკაში.
„ყველას გახსოვთ, წლების წინ გია ბუღაძის ინიციატივით სამხატვრო აკადემიაში ჩატარებული პერფორმანსი, სადაც პირისპირ მსხდომი ახალგაზრდები ერთმანეთს აფურთხებდნენ. წარმოუდგენელი იყო ეს ყველაფერი. ეს კონცეპტუალურ პროექტად დასახელდა მაშინ. ასეთივე „დამაჯერებლობით“, რა საკვირველია, „ლიბერალური ფაშიზმის“ წარმომადგენლები ახლაც ცდილობენ ზიზღი, სიძულვილი, შეურაცხყოფა, დემოკრატიულ პროცესად წარმოაჩინონ, რაც ცხადია წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკოსი, თუ მათი უსამშობლო მხარდამჭერები, ვინც დაკავებულია შეურაცხყოფით, ზიზღით, ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს, არანაირი მომავალი არ აქვთ პოლიტიკაში. ჩვენ, მათ ყველა ქმედებას მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ, რადგან სწორედ სიძულვილით პასუხია ის, რასაც ეს ადამიანები ელოდებიან. უნდა მოვიქცეთ არა მათი უღირსობის, არამედ ჩვენი ღირსების შესაბამისად“,-აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სამზადისს, დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესს ხელს ვერავინ შუეშლის და თბილისის განვითარება გაგრძელდება.
„დავუბრუნდები ისევ არჩევნებისთვის სამზადისს, ამ პროცესს ხელს ვერც უსამშობლო აგენტები შეუშლიან და ვერც მათი დამკვეთები. ჩვენ გვაქვს აღებული პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. გაძლევთ პირობას, გაგრძელდება თბილისის განვითარება, გაგრძელდება ყველა რეფორმა, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ისინი კეტავენ გზებს და არ აძლევენ მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, ჩვენ ვხსნით რეაბილიტირებულ, მოდერნიზებულ ქუჩებს, სკვერებს, პარკებს, საბავშვო ბაღებს, სპორტულ მოედნებს. თუ ისინი ზიზღის ენით უპირისპირდებიან ყველას, ვინც მათ გვერდით არ დგას, ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას მათ პრობლემებზე და ვცდილობთ, დავძლიოთ დედაქალაქში არსებული გამოწვევები“, - განაცხადა თბილისის მერმა.