ბათუმის დედათა და ბავშვთა დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ფაქტის გამო, შესაძლოა, დაწესებულების ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვას.
მომხდარი ფაქტის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის შემსწავლელმა სააგენტომ უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბათუმის საავადმყოფოში მშობიარე ნინო ფუტკარაძეს ექიმებმა საკეისრო კვეთა გაუკეთეს, ბავშვი კი გარდაცვლილი დაიბადა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალშობილი მშობიარობამდე გარდაიცვალა, თუმცა ფუტკარაძის ოჯახის წევრები მიმღები განყოფილების ექიმს და იმ ქირურგს, რომლებმაც საკეისრო კვეთა ჩაატარა დაუდევრობაში ადანაშაულებენ.
იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო საქმიანობის შემსწავლელმა სააგენტომ ექიმთა ბრალეულობა დაამტკიცა, არ არის გამორიცხული მათ ლიცენზია ჩამოერთვათ.
საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე თავად ექიმები კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ.