მთავრობამ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.
,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მთავრობის სხდომა იყო გამომდინარე იქიდან რომ ბევრი თვის მუშაობის შედეგად მთავრობაში, იუსტიციის სამინისტროში და ყველა უწყების ჩართულობით შეთანხმება მოხდა ანტიდისკრიმინაციული კანონის პროექტზე, რომელიც პარლამენტში გაიგზავნება. ეს არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იმ რეფორმების პროცესში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს", _განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტი მთლიანად ასახავს იმ ქართულ ტრადიციებს.
,,კანონპროექტი მთლიანად ასახავს იმ ქართულ ტრადიციებს რასაც ჰქვია შემწყნარებლობა, რასაც ჰქვია განსხვავებული ადამიანების ერთმანეთისადმი პატივისცემით მოპყრობა. ჩვენი მთავარი მიზანია არის ის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ თითოეულმა ჩვეგანმა საკუთარ თავს, შევახსენოთ მარტივი რამ_ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ტიპის სახელმწიფოს, სადაც საზოგადოება არის კულტურული. არ შეიძლება განსხვავებული აზრის მქონე, ან განსხვავებულ ადამიანები დავუქვემდებაროთ განსხვავებულ მოპყრობას, ან ძალადობას", _განაცხადა წულუკიანმა.
წულუკინმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს კანონად აქცევს.