თბილისის მერიის კულტურული ღონისძიების ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა და დაიბეჭდა ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, საქართველოს დამსახურებული მხატვარ-მონუმენტალისტის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატის მანანა ბობოხიძის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ალბომი.
მანანა ბობოხიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია. მისი შემოქმედება პირობითად სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს: პირველი ეტაპი-1955-73 წწ; მეორე ეტაპი-1974-86 წწ; მესამე ეტაპი- 1987-2011 წწ. მისი ადრეული ნამუშევრები გამოირჩევა რომანტიული, ჩაფიქრებული პერსონაჟებითა და მონასმის სისუფთავით, ხალხური მეტაფორული სახეებით, ხატწერისათვის დამახასიათებელი მეოცნებე პერსონაჟებითა და მოქმედების თამამი პოეტური მონტაჟით. მოგვიანებით მისი ფერწერა უფრო ექსპრესიული, მუსიკალური, დინამიური და დრამატული გახდა. შესრულების ტემპო-რიტმი მხატვარს მუსიკალურ რომანსთან აახლოვებს და მისი გულის სიღმეებს წვდება.
მხატვრის ტილოები თანამედროვე და იმავდროულად ისტორიის გამოძახილია, რომელიც დაცულია არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მანანა ბობოხიძე იყო ლადო გუდიაშვილის ახლო მეგობარი, მუზა და მისი სამხატვრო ტრადიციების გამგრძელებელი.
„მანანა ბობოხიძის შემოქმედება გამოირჩევა ინდივიდუალობით, ნატიფი მხატვრული გემოვნებით, ცეცხლოვანი ტემპერამენტით, ხელწერის ეროვნული თავისებურებით. იგი იშვიათი ტალანტის მქონე მხატვარია, რომელიც ღრმა მიგნებით, უტყუარი სიმართლით წარმოსახავს ადამიანის სულიერ სამყაროს. მისი პალიტრა ცისარტყელასაებრ ელვარე მდიდარი კოლორიტის ფერთა სიუხვეა"-წერდა ლადო გუდიაშვილი.
მანანა ბობოხიძე დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.