ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკო-ს საქმიანობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს.
„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამზადისზე, ასევე განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს აღნიშნული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ჩვენ გვქონდა ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მათ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან, გამჭვირვალე და ღია საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისთვის და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები – ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა.
„შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსიაც. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს გიორგი კალანდარიშვილისგან და ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილისგან, გიორგი შარაბიძისგან. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ შიდა პროცესების ეფექტიანად წარმართვა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ღია, კოორდინირებული თანამშრომლობა. ეს ასევე ადასტურებს ადმინისტრაციის მზადყოფნას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური ფორმატით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს დიალოგს, უკუკავშირის მიღებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრას, ცესკო-ს თავმჯდომარის გარდა, ასევე ესწრებოდნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკო-ს აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სპიკერი ნათია იოსელიანი“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.