2014 წლის 14 მარტს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ 2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა. შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, რომელმაც მოკავშირეებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი და რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.
ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა.
სხდომაზე მონაწილეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და მათ გავლენას რეგიონის უსაფრთხოებაზე.
საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
2014 წლის წლიური ეროვნული პროგრამა 10 მარტს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გაეგზავნა ნატოს.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, ასევე, შეხვედრებს გამართავენ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, საერთაშორისო შტაბისა და წევრი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან.